საქართველოს შესახებ

საქართველოს შესახებ

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კავკასიის ნაწილში მდებარეობს და უძველესი ისტორიული მემკვიდრეობით, განსაკუთრებული ბუნებით, უნიკალური კულტურითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. საქართველოს დასავლეთიდან

ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი. ქვეყანა მდიდარია მინერალური და თერმული წყაროებით, სხვადასხვა ტიპის კლიმატური და რეკრეაციული ზონებით, ლანდშაფტით, კარსტული მღვიმეებით, სამკურნალო ტალახით და ბევრი სხვა საინტერესო ღირსშესანიშნაობებით. საქართველო ტურისტებს შავი ზღვის სანაპირო კურორტებს, ეროვნულ პარკებს, კავკასიონის ქედებს, მინერალურ წყლებსა და უგემრიელეს სამზარეულოს სთავაზობს. საქართველოში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის არაერთი ძეგლია.

ისტორიული ჩანაწერები საქართველოს შესახებ 4 ათას წელზე მეტს ითვლის, ხოლო ქართული ანბანი მსოფლიოს უნიკალურ ანბანთა რიცხვში შედის. საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, სადაც მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

ბოლო დროს საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. ქვეყანამ დაიწყო ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჯარო სექტორი, საარჩევნო ადმინისტრირება, მართლმსაჯულება და ადგილობრივი თვითმმართველობა.

2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, 2017 წელს, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულების შედეგად, ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან.

მოგზაურებისათვის პოპულარული საიტის, See.place-ის მიხედვით, საქართველო 10 უსაფრთხო სახელმწიფოს შორის მოხვდა, იაპონიის, ტაივანის, ჰონგკონგის, სამხრეთ კორეის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, მალტისა და ლუქსემბურგის შემდეგ საცხოვრებლად უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო მე-8 ადგილს იკავებს.

ტეგები: