საირმე

საირმე

იმერეთში მდებარე ამ კურორტის სიმაღლე ზღვის დონიდან 1100 მეტრია. რელიეფი მთაგორიანია. კლიმატი აქ სუბტროპიკული სარტყლის საშუალო მთის (ქვედა სარტყელი) ტყიანი ზონისაა. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა, ნახშირმჟავა, კაჟიანი, ბორიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,7-9,9 გ/დეციმეტრ კუბზე და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-მაგნიუმიანი, კაჟიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,4-3,0 გ/დეციმეტრ კუბზე (გამოიყენება სასმელად). საირმის ცენტრიდან 5 კილომეტრზე მდებარეობს ადგილი უდაბნო, სადაც მოიპოვება აზოტიან-მეთანიანი, სუსტად სულფიდური, კარბონატულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები საერთო მინერალიზაციით 0,2-0,4 გ/დეციმეტრ კუბზე (გამოიყენება აბაზანებისთვის). მკურნალობენ მინერალური წყლის აბაზანებითა და მინერალური წყლის მიღებით (სმით), პასიური კლიმატოთერაპიით. ჩვენებები: შარდსასქესო სისტემის დაავადებები: ქრონიკული პიელონეფრიტი რემისიის ფაზაში, ქრონიკული ნეფრიტი, ცისტიტი - არატუბერკულოზური წარმოშობისა, ქრონიკული პროსტატიტი (არატუბერკულოზური), შარდკენჭოვანი დაავადება - თირკმლის, შარდსაწვეთებისა და შარდის ბუშტისა, გართულებული პიელონეფრიტითა და ცისტიტით, თუ კენჭები ხელს არ უშლის შარდის გამოყოფას ან კენჭი გამოვიდა 1,5-2 თვის წინ, ასევე - რკინადეფიციტური ანემია, მსუბუქი და საშუალო ხარისხის შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, შარდმჟავა დიათეზის სხვადასხვა კლინიკური ფორმა, პირველი და მეორე ხარისხის ქრონიკულად მიმდინარე სხივური დაავადება პაციენტის დამაკმაყოფილებელი საერთო მდგომარეობით, ქრონიკულად მიმდინარე პროფესიული მოწამვლა, მძიმე ლითონებით მოწამვლა, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, მათ შორის - ქრონიკული გასტრიტები და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი და პანკრეატიტი და სხვა.